რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მოსახლეობის თხოვნით, ახალი – მულტიფუნქციური სკვერი მოეწყობა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. პროექტი ერთ- ერთია იმ ახალი პროექტებიდან, რომელიც ნინო ლაცაბიძემ ცოტა ხნის წინ დააანონსა.

სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი რუსთავის მერიამ უკვე გამოაცხადა.

ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალი პროექტი ჯავახიშვილისა და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გააცნო.

რუსთავის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის თანაბარი განვითარება და, სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურული პროექტები ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა უბნებში, მათ შორის, ჭყონდიდელის დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს.

,,ქალაქის თანაბარი განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ, ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია და განვითარება შევძლოთ. ჩვენ ჭყონდიდელის დასახლებაში შევხვდით მოსახლეობას, სადაც რამდენიმე კორპუსს გამაგრებით სამუშაოებს ვუტარებთ და ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარია. 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ახალი საზოგადოებრივი სივრცე. აღნიშნული პროექტი სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ჭყონდიდელის დასახლებაში, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი, მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო-გასართობი სივრცეები, თანამედროვე განათება, დასასვენებელი ზონები და მწვანე კუნძულები მოეწყობა, განხორციელდება დენდროლოგიური პროექტიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები