ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

„მთელი რიგი ფაქტების გამო, საზოგადოება ისედაც გაურკვევლობაშია – ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყოს რადიკალურ პროცესებში ამერიკული დაფინანსებით მოქმედი ენჯეო. როდესაც ამას ემატება აშშ-ის საელჩოს ასეთი ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის.

რადიკალური ოპოზიციისთვის, „პივიტის“ გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ. პრაქტიკულად, „ისფედი“ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია მართავდა. ამის შემდეგ, ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც, „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ, საელჩო „ისფედს“ უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და გამოთქვამს სურვილს, რომ ის ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირია“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამერიკის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების” (ISFED), როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები