16 აგვისტო გიორგი (გია) გუგუშვილის დაბადების დღეა – მას 70 წელი შეუსრულდა

16 აგვისტო  მხატვარ  გიორგი (გია) გუგუშვილის დაბადების დღეა. მას 70 წელი შეუსრულდა.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ულოცავს ცნობილ მხატვარს იუბილეს და ინფორმაციას ავრცელებს:
„დღეს ბატონო გია გუგუშვილის დაბადების დღეა! ცნობილ მხატვარს, ფერმწერს, გრაფიკოსს, სამხატვრო აკადემიის პროფესორს, რექტორს და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს – 70 წელი შეუსრულდა! მრავალწლიანი, აქტიური და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად, 2014 წლიდან ბატონი გია ხელმძღვანელობს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. ის ასევე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. გახლავთ ბრწყინვალე ლექტორი, აღზარდა ახალგაზრდა მხატვრების არაერთი თაობა. ბატონი გია 80-იანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია – მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანი და გამორჩეულია: მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო, პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში – როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
დღეს, 16 აგვისტოს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში – აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ბატონი გია გუგუშვილის პერსონალური გამოფენა იხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით „თეთრი გალავანი”, მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იფინება.
ვულოცავთ ბატონ გიას დაბადების დღეს და სამხატვრო აკადემიის უკლებლივ ყველა თანამშრომლის – მისი მეგობრების, კოლეგების და სტუდენტების სახელით ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წინსვლას“! – ნათქვამია ინფორმაციაში.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები