„ეპოქა და ოჯახი“ – ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

18 აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ფილოსოფოსის, ქართულ კულტურაში გენდერული, ქალთა და ფემინისტური საკითხების მკვლევრის, ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია – „ეპოქა და ოჯახი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება მე-19 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ქალთა როლი ქართულ კულტურაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქართველი ქალბატონების მიერ, საუკუნის მეორე ნახევარში, ქალთა საკითხისა და ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილების და პროგრესული იდეების გაცნობა უცხოთათვის საკუთარი კულტურის გაზიარების შესაძლებლობად იქცა.
„საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქართველ ქალთა გააქტიურებამ შესაძლებელი გახადა, ოჯახურ ყოფით დაკავებული ქალების სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობა: საგანმანათლებლო, ლიტერატურული თუ საგამომცემლო საქმიანობა, პუბლიცისტიკა, დრამატურგია და სხვა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ტრადიცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. „ხუთშაბათობების“ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ – სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფლისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის მიერ აღდგენილი „ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენების შესახებ.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმია, ილია ჭავჭავაძე 1888-1901 წლებში ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, სახლში საფუძველი ჩაეყარა არაერთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებებას, აქვე იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები