შალვა პაპუაშვილი: 2008 წლიდან მოყოლებული ორპირ ქარში ვდგავართ და ველოდებით ნატო რას გადაწყვეტს, ჩვენ დიდი ხანია ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული გვაქვს და ბურთი არის ნატოს მოედანზე
,,2008 წლიდან მოყოლებული ორპირ ქარში ვდგავართ და ველოდებით ნატო რას გადაწყვეტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ნატოსთან თანამშრომლობა, ჩვენი განზრახვა და განაცხადი წევრობის შესახებ ცნობილია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ახლა ბურთი ნატოს მოედანზეა.
„ჩვენი განზრახვები დიდი ხანია განცხადებულია, ბურთი დღეს არის ნატოს მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ომშია იმის გამო, რომ სურვილი ჰქონდა ნატოში წევრობის, იმის გამო რომ სურვილი ჰქონდა სხვა გეოპოლიტიკური საკითხების მიმართ და გახსოვთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები, სანამ ომი დაიწყებოდა რამდენიმე დღით ადრე, რომ ის იყო მზად ნატოს წევრობაზე თუ სურვილებზე უარი ეთქვა. დღეს ვხედავთ, რომ ამ ომის და ყველაფრის მიუხედავად, პირდაპირ ცნობილია ნატოს პოზიცია, რომ უკრაინას პერსპექტივა არ აქვს გახდეს ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენ ერთი რამე გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ნატოსთან თანამშრომლობა, ჩვენი განზრახვა და განაცხადი წევრობის შესახებ ცნობილია. 2008 წლიდან მოყოლებული ორპირ ქარში ვდგავართ და ველოდებით ნატო რას გადაწყვეტს. ასე რომ, ბურთი არის ნატოს მხარეს და მათი გადასაწყვეტია ყველაფერი. საქართველო ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი პარტნიორი ნატოსი, მათ შორის არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით; როდესაც ნატოს წევრები იმალებოდნენ ზოგი შტაბში და ზოგი საკუთარი ქვეყნიდან არ ადგამდა ფეხს, ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ნატოელი ჯარისკაცების მხარდამხარ წინა ხაზზე და ვიყავით ნატოს ქვეყნებს შორისაც კი, ჩვენი კონტინგენტის სიდიდით მესამე ქვეყანა. ასე რომ ესეც აჩვენებს თუ რამხელა ენერგია და ძალისხმევა გვაქვს გაწეული საერთაშორისო მშვიდობისა უსაფრთხოებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ თავსებადობა დაგვემტკიცებინა და ნატოს ორგანიზაციისთვის. ჩვენ დიდი ხანია ყველაფერი შესრულებული გვაქვს ჩვენი მხრიდან, ბურთი არის ნატოს მოედანზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.