Microsoft-ის კვლევა: დიდ ბრიტანეთში, დასაქმებულთა უმეტესობა სამსახურში AI-ს ნებართვის გარეშე იყენებს

Microsoft-ის ახალი კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის დასაქმებულთა 71% სამსახურში ხელოვნურ ინტელექტს (AI) არაავტორიზებულად იყენებს, რაც კომპანიის შეფასებით, მნიშვნელოვან უსაფრთხოების და რეგულაციურ რისკებს ქმნის.

ბრიტანული ბაზრის მკვლევრის, Censuswide-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორისა და ზომის კომპანიების 2000-ზე მეტ თანამშრომელს ჰკითხეს, თუ როგორ იყენებენ ისინი ხელოვნურ ინტელექტს სამსახურში.

კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი კვირაში ერთხელ მაინც მიმართავს ასეთ ხელსაწყოებს, მათ შორის ელექტრონული ფოსტის შედგენისთვის, ანგარიშგებისა და პრეზენტაციების მომზადებისთვის.

კომპანია აღნიშნავს, რომ „shadow AI“ (ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოებისა და აპლიკაციების გამოყენება კომპანიის ოფიციალური ნებართვისა და კონტროლის გარეშე) ზრდის მონაცემთა გაჟონვის, კიბერშეტევებისა და რეგულაციების დარღვევის რისკებს.

ამასთან, კვლევის თანახმად, AI ხელსაწყოების გამოყენება ზრდის პროდუქტიულობას. მათ შორის, საშუალოდ, თითოეულმა თანამშრომელმა კვირაში 7.75 საათი დაზოგა, რაც მთელ ბრიტანეთში, წელიწადში დაახლოებით, 12.1 მილიარდი საათია , ეს კი 208 მილიარდ ევრომდე ეკონომიკურ ეფექტურობას იძლევა.

Microsoft-ის განცხადებით, ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ კონტროლი და პოლიტიკა „shadow AI“-ს გამოყენების შესახებ, რათა შეამცირონ უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის რისკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები