ანრი ოხანაშვილი – ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე: ქსპერიმენტების დრო არ გვაქვს

საქართველოს საკანონმდებლო სივრცე საცდელი ობიექტი არ უნდა იყოს – ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

„დავაყენეთ საკითხი, რომ სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს კორუფციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე და ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვაზე კორუფციულ დანაშაულთა მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ახლა უნდა მოვისმინოთ, რამდენად არგუმენტირებულია ეს, რამდენად უზრუნველყოფს ეს სწორედ კორუფციის პრევენციას და რეაგირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ უნდა იყოს საცდელი ობიექტი – ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე უნდა ვიმუშაოთ და ეს უნდა იყოს მორგებადი ქართულ რეალობასთან, თუ ასეთ საკითხებზე შემოგვთავაზებენ, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში მუშაობა გრძელდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემდეგ , იურიდიულ კომიტეტთან არსებული ჯგუფი მართავს შეხვედრას. განხილვის მთავარი თემა მეოთხე რეკომენდაცია , საუბარია ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე. ოპოზიცია და მესამე სექტორი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები