“გოგაშვილის ქცევა იყო დადებითი და ეს შეხვედრა გარკვეული წახალისების სახით იყო გამოყენებული” – რატი ბრეგაძე სოსო გოგაშვილის ოჯახთან შეხვედრას ადასტურებს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას ადასტურებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახთან შეხვედრა შედგა გოგაშვილის მოთხოვნით და კანონის დაცვით.
„გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ შედგა მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან, ამას დავადასტურებ. ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრა იყო კანონმდებლობის სრული დაცვით.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ბატონი გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება გოგაშვილის საშხაპეში შეყვანას და მასთან შს მინისტრის სატელეფონო საუბარს, მინისტრმა უპასუხა, რომ ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის გოგაშვილიც და შესაძლოა, მანაც ისარგებლა ამ უფლებით, თუმცა მინისტრი სატელეფონო საუბარს არ ადასტურებს.
„რა უნდა დავადასტურო? პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერც ერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება. გიდასტურებთ ერთადერთს, რომ შედგა შეხვედრა მას და მისი ოჯახის წევრებს შორის. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ათასი რამ განაცხადოს. ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის გოგაშვილი და შესაძლოა, მანაც ისარგებლა ამ უფლებით და შესული იყო საშხაპეში. მე არ ვიცი მან რა თქვა, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და მე არ ვსაუბრობ მსჯავრდებულების პერსონალურ ინფორმაციაზე.
ჩვენ გვამოძრავებს ჰუმანიტარული მიზნები. ორიენტირებული ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე. გუშინ გავრცელდა მისი ოჯახის წევრების მიმართვა, მათ შორის ჩემი მისამართითაც. მინდა დავამშვიდო და ვთქვა, რომ მისი უსაფრთხოება სრულად დაცული იყო და შეხვედრა, რომელიც შედგა, ამ მიზანს ემსახურებოდა“,- განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს.