უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ

უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაქსიმ სუბხმა კაიროში მიმდინარე არაბული ქვეყნების ლიგის საბჭოს საგანგებო სხდომაზე არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება არაბული ქვეყნების ლიგის ძალისხმევას, რუსული აგრესიის შესაჩერებლად გზების მოძიების პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო გააგრძელებს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

სუბხმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინელი ხალხის გენოციდს სჩადიან, რა დროსაც აღნიშნული აგრესიის შედეგებს გრძნობს მთელი მსოფლიო, მწვავდება კრიზისები, რაც საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ სტაბილურობას.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი სასურსათო უსაფრთხოების საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, ხოლო უკრაინა არის სანდო პარტნიორი სასურსათო პრობლემების გადაჭრაში.

სუბხმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესის განახლებას შეუძლებელს გახდის.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მაქსიმ სუბხი დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები