გიორგი მარგველაშვილი: არსებობს თემები, რაზეც მე და პრემიერი ვერ ვთანხმდებით
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებობს საკითხები რაზეც ის და პრემიერ-მინისტრი ვერ თანხმდებიან. როგორც პრეზიდენტმა “პალიტრა TV“-ის გადაცემა “რეზიუმეში” საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი თემა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცედურა იყო. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, მისი პოზიციაა, რომ სიტუაცია არ გაამწვავოს. “ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის რეჟიმი, იმ საკითხებთან მიმართებაში რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან. ბუნებრივია, არსებობს თემები, რომლებზეც მე ვფიქრობ, რომ ვერ ვთანხმდებით, მაგალითად ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო როლი ვითამაშო და ვითარება არ გავამწვავო. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანესი იყო. სხვა შემთხვევებში კი უნდა შევეცადო და ქართულო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი – საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი გავაძლიერო, დავაფუძნო და დავამკვიდრო ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. არც უფრო მეტად ვიდრე ეს ხდებოდა, როცა პრეზიდენტი უფრო მეტ უფლებამოსილებებს იძენდა და არც უფრო ნაკლებად. მე ამ საკითხებთან მიმართებაში ყოველთვის ღია ვარ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.