თბილისის მერია: მელიქიშვილზე რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, თბილისის მერია განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მანქანას არანაირი კავშირი არ აქვს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.
გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს”, – ნათქვამია განცხადებაში.