სოზარ სუბარი: “ნაცმოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ მოიპარებიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ

“დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას, ამ ბიჭების გმირობა არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს დღე დადგება, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”, – ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ მიდიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ.

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, აგვისტოს ომი უშუალოდ ფართომასშტაბიანი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო, როცა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებას, რომელიც 9 აგვისტოს გამოიცა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და 2008-2012 წლებში ამ ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა სწორედ 8 აგვისტოს ხდებოდა. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა თარიღი, რომელიც სამი ციფრით – 08.08.08 აღინიშნებოდა. ასე დაამკვიდრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ასე აღნიშნავდნენ ისინი 4 წლის განმავლობაში. 8 აგვისტო არის თარიღი, როდესაც დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ამოდიან და აღნიშნავენ ამ დღეს, ამიტომ ჩვენ არ ჩაგვითვლია საჭიროდ რომ ეს ტრადიცია გადახედილიყო და დღესაც ამ ტრადიციას მივყვებით.

კიდევ ერთი რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ ეს ტრადიცია გადაიხედოს, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ ამოდიან აქ და ვერ უყურებენ თვალებში მშობლებს, რომლებიც 8 აგვისტოს ამოდიან. ისინი აქ 7 აგვისტოს მოიპარებიან, რომ მშობლებს თვალებში ვერ ჩახედონ“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები