უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები