გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესებაა.

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ერთმანეთთან დაკავშირებულ თემებზე ერთობლივი კამპანიების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა ორგანიზაციებს უფრო მეტი სამიზნე ჯგუფისა თუ არეალის დაფარვის საშუალებას მისცემს და, შესაბამისად, გაზრდის საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯეფექტიანობას.

საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა და გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კომპლექსურობის და მისი სხვა სექტორებთან მჭიდრო კავშირის, ასევე სამიზნე ჯგუფების სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიების უფრო მეტად სტრუქტურიზება და სისტემატიზაცია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, გაცვალონ ინფორმაცია მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე და ასევე, მიიღონ ინფორმაცია სხვა დაგეგმილი კამპანიების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები