„უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს მთელი საქართველოს სიხარული და გამარჯვებაა“ – სვიმონ ჯანგულაშვილი

ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელები გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი უწმინდესს შეხვდნენ.

საუბარი რომში გუნდის ისტორიულ გასტროლს შეეხო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ, 27 ივლისს, გიორგი დონაძეს და მე გვქონდა ბედნიერება, შევხვედროდით მის უწმიდესობას საპატრიარქოში.

საპატრიარქოს თანამშრომლებისაგან ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ ჩვენი გამოსვლების ჩანაწერები მას ნანახი და მოსმენილი ჰქონდა და ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. მაგრამ, მისი უწმიდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ მხოლოდ ახლა მოვახერხეთ მასთან დიდ-ხნიანი შეხვედრა.

კათოლიკოს-პატრიარქს დაწვრილებით მოვუყევით რომში ჩვენი მოგზაურობის ამბავი, ყველა დეტალით; აღვუწერეთ ჩვენი განცდები და ხალხის რეაქცია-შეფასებები სიქსტის კაპელის ღვთაებრივ სივრცეში აჟღერებული ქართული მუსიკის გამო. აღვნიშნეთ, რომ ეს დიდი პატივი და ბედნიერება, რომის პაპმა გვარგუნა, პირველ რიგში, კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მისი დიდი, ძმური და ქრისტესმიერი სიყვარულისა და მეგობრობის გამო.

მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვაცნობეთ რომის პაპთან, მის უწმინდესობა ფრანცისკესთან დაუვიწყარი, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე შეხვედრის ყველა დეტალი; აღვუწერეთ, თუ როგორ და რა ფორმით გამოვხატეთ ჩვენი დიდი მადლიერება და პატივისცემა პაპისადმი, იმის გამო, რომ მან გაგვიღო გულის კარი, და ქართველებს გაუღო ევროპის გულის – ვატიკანის კარები.

პატრიარქს გადავეცით პაპის სიტყვები, რომ მას ძალიან უყვარს ქართული მუსიკა, რომ ის სულ უსმენს ქართულ გალობას, მათ შორის, როგორც ბრძანა – „ჩემი ძმის, პატრიარქის მიერ შექმნილ საგალობლებს“, და რომ მან, ილია მეორის შესახებ გვითხრა – „იგი დიდი მუსიკოსი, დიდი პოეტი და შემოქმედიაო“, სთხოვა ლოცვა, ისე, როგორც მათ აღუთქვეს ერთმანეთს, 2016 წელს თბილისში შეხვედრისას და, აგრეთვე, ჩვენს გუნდსაც სთხოვა ლოცვებში მოხსენიება. პატრიარქს გადავეცით პაპის სიტყვები, რომ ის „ეზიარება ჩვენს მუსიკას“ და რომ ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი ხელოვნება, მუსიკა, ღვინო და რომ ეს ყველაფერი ქართველი კაცის სულიდან მოდის.

პატრიარქს, ასევე დაწვრილებით მოვუყევით, წმინდა მოციქულ პეტრეს საფლავზე აღმართულ დიდებულ და სათაყვანო ბაზილიკაში, წირვის დასრულების შემდეგ შესრულებული „ავე მარიასა“ და „შენ ხარ ვენახის“ შესახებ. ვაცნობეთ, რომ ყველაფერი შესრულდა და გაკეთდა ზუსტად ისე, როგორც მან გვიბრძანა და გვაკურთხა – ევქარისტიული კავშირის არ-ქონის გამო, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ლიტურგიაში, რომელსაც საქართველოს დიდი დელეგაცია, საპატიო სტუმრის რანგში დავესწარით. მაგრამ, ამასთან, რომის პაპმა, დიდი პატივი და სიხარული გვარგუნა – წირვის დასრულების შემდეგ, მოისმინა ქართული საგალობლები და მხოლოდ ამის შემდეგ გაბრძანდა ტაძრიდან.

უწმინდესმა ძალიან გაიხარა, როგორც სიქსტის კაპელაში, ისე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესრულებული ქართული მუსიკის ამბით. აგრეთვე იმ ცნობით, რომ ვატიკანის ტელევიზიის მეშვეობით ქართული მუსიკა მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა, კიდევ ორი იტალიური არხით კი – მთელ იტალიაში.

პატრიარქმა გაიხარა, როდესაც მოვუყევით, როგორ ბედნიერები და მადლიერები იყვნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები ჩვენი კულტურის ამ დღესასწაულით, როგორ გვიყვებოდნენ ისინი, იტალიელთა აღტაცებული რეაქციების შესახებ.

უწმინდესთან კიდევ ერთხელ, მადლიერებით აღვნიშნეთ, რომ მისი ლოცვა-კურთხევის ასე ბედნიერად და წარმატებით შესრულებაში, მონაწილეობდნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში, მთავარ-ეპისკოპოსი ჟოზე ბეტანკური, საქართველოს კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი – რომელთა ღვაწლიც ამ ისტორიული მოვლენის შექმნაში გამორჩეულია. მათთან ერთად მადლიერებით ვახსენეთ საქართველოს ელჩი ვატიკანში – ქეთევან ბაგრატიონი, ფონდ „ქართული გალობის“ მესვეურნი – ნანა გოთუა და ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, მრავალი სხვა ადამიანი.

პატრიარქმა მადლიერება გამოხატა, ვატიკანში გამართული გამოსვლების ამ ორგანიზატორთა და შემწეთა მიმართ და დალოცა ისინი.

შეხვედრის ბოლოს, კათოლიკოს-პატრიარქმა მოგვილოცა

ეს დაუვიწყარი და ბედნიერი, ისტორიული გასტროლი; დაგვლოცა, და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი საქართველოს სიხარული და გამარჯვებაა.

მის უწმინდესობასთან 24 წელია ვმსახურობთ და კარგად ვიცნობთ. დავინახეთ, რომ ის ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო.

დასასრულს, მის უწმინდესობას, ვაცნობეთ ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ, რაზეც მან მოგვცა მამობრივი ზრუნვით აღსავსე თანხმობა და ლოცვა-კურთხევა, რომლის ძლიერება, მადლი და შემწეობაც, ჩვენ არაერთგზის გამოგვიცდია.

ჩემი მხრიდან იმასაც აღვნიშნავ, რომ ვატიკანში ქართული მუსიკის წარდგენის მრავალი დადებითი და უნიკალური ასპექტიდან ერთ-ერთი არის, სწორედ ევროპასთან დაახლოებისა და ინტეგრაციის საქმეში მონაწილეობა, ევროპელებისა და მილიარდ-ნახევრიან კათოლიკური სამყაროსათვის საქართველოს ყველაზე დადებითი კუთხით გაცნობა. და ეს ყველაფერი, სწორედ პატრიარქმა, რომის პაპმა და ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთეს.

ყველაფერში სიკეთე და ზომიერებაა საჭირო. ევრო-ინტეგრაცია თუ გვინდა, ასეთ უნდა იყოს და არა, ერთმანეთის ჭამის საბაბი, რასაც, სამწუხაროდ, მრავლად ვხედავთ ჩვენი პოლიტიკოსებისაგან.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძველებურად, დიდ ხანს ვიყავით პატრიარქთან. ზოგადად, ქართველები ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ, რომ გვყავს ეს სიწმინდითა და სიყვარულით აღსავსე კაცი – ხატი და წყარო უფლის მადლისა და სიყვარულისა! ბედნიერია, ვინც დაინახა მისი სიკეთე და სიყვარული და ცდილობს, მას დაუჯეროს! საბრალო ბრმაა, ვინც მისი ურჩობისა და მისი მოტყუება-იგნორირების, ან შეურაცხყოფის გზებით დადის.

24 წელი… პატრიარქთან სიახლოვის და მისი მორჩილების 24 წელი… რა უცბად გავიდა ეს დრო. მადლობა უფალს ყველაფრისათვის…

P.S. გუშინ ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ, უმჯობესად მივიჩნიე ამ ფოტოს დადება. აქ ბერლინში ვართ, ტირ-გარტენში. უწმინდესი “ავე მარიაზე” მუშაობს. 2010 წელია. სწორედ მაშინ დაიწყო ოცნება რომში ქართული მუსიკის წარდგენაზე, რაც 12 წლის მერე დაგვირგვინდა, საღვთო განგებულებით“, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები