ავთანდილ კასრაძე: Georgian Fab Academy არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ პლატფორმა, სადაც იდეა გარდაიქმნება რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში Georgian Fab Academy – ის შემაჯამებელი ღონისძიება – დემო დღე გაიმართა. ფინალურ ეტაპზე პროექტის მონაწილეები საქართველოს ყველა ტექნოპარკიდან თბილისის ტექნოპარკში შეიკრიბნენ და საკუთარი პროექტები წარადგინეს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

Georgian Fab Academy საგანმანათლებლო ტექნოლოგიური პროგრამაა, რომელიც განხორციელდა საქართველოს 9 ტექნოპარკში და მიზნად ისახავდა მონაწილეების პრაქტიკული უნარების განვითარებას პროტოტიპირების, ელექტრონიკის, ინჟინერიის, 3D მოდელირების, Arduino-ს, ფაბლაბის დანადგარებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.

როგორც ავთანდილ კასრაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის Georgian Fab Academy არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ პლატფორმა, სადაც იდეა გარდაიქმნება რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად. 

“ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში გავაძლიეროთ პრაქტიკული ინჟინერული და ციფრული უნარები, რათა ახალგაზრდებმა და ინოვატორებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში. დემო დღე ნათლად აჩვენებს, რომ სწორი ცოდნის, მენტორობისა და ინფრასტრუქტურის პირობებში, ქართულ გუნდებს შეუძლიათ შექმნან კონკურენტუნარიანი პროტოტიპები და გადადგან შემდეგი ნაბიჯი კომერციალიზაციის მიმართულებით.” – განაცხადა GITA – ს თავმჯდომარემ.

პროექტის მიზანი იყო დაინტერესებულ ადამიანებს შეეძინათ პროტოტიპირებისთვის საჭირო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება იდეის ფორმირებიდან ფუნქციონირებადი ტექნოლოგიური პროტოტიპის შექმნამდე. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩამოყალიბდა 35 გადამზადებული გუნდი, რომლებმაც ფინალურ დღეს საკუთარი პროტოტიპები პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს.

პროექტი 2025 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო და 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში. სილაბუსი წარმოადგენს საერთაშორისო Fab Academy-ს მოდიფიცირებულ ვერსიას და შედგენილია ფაბლაბის სპეციალისტების მიერ, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.

პროგრამაში ჩაერთო 130-ზე მეტი მონაწილე, რომლებმაც მენტორებისა და FabLab-ის სპეციალისტების მხარდაჭერით, Fablab-ის დანადგარების გამოყენებით, შექმნეს პროტოტიპები, რომელთა დათვალიერებაც ღონისძიების სტუმრებს  თბილისის ტექნოპარკის საგამოფენო სივრცეში შეეძლოთ. ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილეებს  სერთიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები