სპორტის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, სპორტის მინისტრთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, ახალციხის სპორტულ კომპლექსში რეგიონში სპორტის განვითარებასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერებმა რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში დამატებით ხელოვნურსაფარიანი სტადიონებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა იგეგმება. გამომსვლელებმა სპორტულ მიღწევებსა და წარმატებული სპორტსმენების წახალისების შესახებაც ისაუბრეს, რომლებზეც შესაბამისი ფულადი ჯილდოები გაიცემა.

სპორტის კომიტეტმა და სპორტის მინისტრმა წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასეს. მინისტრის შალვა გოგოლაძის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სპორტულ მიღწევებთან ერთად ყურადღება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე სპორტის განვითარების საკითხებს უკავშირდება. მისივე თქმით, სამინისტრო თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, გასვლით სხდომაზე კომიტეტის წევრებმა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს.

მისივე თქმით, სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა აქვს შემუშავებული, რასაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოწმობს, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას უკავშირდება.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას და სპორტული სახეობების პოპულარიზაციას. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება”, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, სპორტის მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მათ შორის, ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, ცენტრალური სტადიონი, კარატეს, შერეული ორთაბრძოლების, კიკბოქსინგისა და კალათბურთის მშენებარე დარბაზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები