აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით „კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა. მაყურებლის წინაშე აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ხორუმი“ წარდგა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.
“მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამა „კულტურა მთაში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას. მერმა მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის და წარმატება უსურვა პროექტს მომავალ საქმიანობაში.
პროგრამის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და მუნიციპალიტეტის კულტურული პოტენციალის ზრდა.
„კულტურა მთაში“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება. პროექტში ჩაერთვებიან როგორც აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე მუნიციპალიტეტებში არსებული ანსამბლები.
პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში.ღონისძიებას აჭარის კულტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.