გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა! გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„გიდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენაში. მათი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესის ზრდას; გიდების ძალისხმევით იქმნება ემოციური კავშირი გარემოსა და სტუმრებს შორის“, – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა.
გიდების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ხაზს უსვამ იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც ყოველდღიურად წარმოაჩენენ საქართველოს ბუნების უნიკალურობას და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობენ.