ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

“სიტყვით გამოსვლისას თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების რეფორმის მიმდინარე და სამომავლო საკითხებთან მიმართებაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სასკოლო საზოგადოების ძალისხმევას ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ეროვნული კონფერენცია ონლაინ რეჟიმში პანელური დისკუსიების ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1114-მა სკოლის პედაგოგმა, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორებმა მიიღეს.

კონფერენციის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წევრებმა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში არსებულ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და ზოგადი განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მოხსენებები წარმოადგინეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო პროექტები და საკლასო ოთახში განხორციელებული კომპლექსური დავალებები ყველა საგნობრივი მიმართულებით. განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სასკოლო გარემოს ზეგავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე; მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში; თანამშრომლობითი კულტურის მნიშვნელობა სასკოლო საზოგადოებაში; მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი; შეფასებისა და ლიდერობის კომპონენტის მნიშვნელობა და სხვა საგნობრივი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კონფერენციას წინ უძღოდა რეგიონული კონფერენციები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 68 საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა, სადაც პედაგოგებმა რესურსცენტრის წარმომადგენლებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის, მათი შედეგების გაუმჯობესებისა და სასკოლო კულტურის განვითარებითვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები