გია ვოლსკი – პრეზიდენტზე: გვინდა – ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი
რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვერ მივიღებთ, რამდენადაც მუშაობა არ შეგვიწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და მას სრული ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა – ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ. სჯობდა, მას ერთი, ორი ან მეტი განცხადება გაეკეთებინა იმაზე, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, იყო მინიშნება, თითქოს, არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა. რაც შეეხება სამუშაო ფორმატებში მის ჩართვას, არ უნდა ეცადოს, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბოს. ფუნქცია-მოვალეობების არევა ქვეყანას ცუდ დაღს ამჩნევს. არასდროს არ მონდომებია გერმანიის პრეზიდენტს ჩართულიყო ისეთ პროცესებში, რომელიც ბუნდესტაგში მიმდინარეობს და მას აბსოლუტურად არ ეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.