მწერალთა სახლში იური მეჩითოვის წიგნი-ალბომის წარდგენა გაიმართა
საქართველოს მწერალთა სახლში, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის – „მზერა ოთხმოციანებიდან, თბილისი 1980-1984“ – წარდგენა გაიმართა.
წიგნი ფოტოხელოვანის, იური მეჩითოვის შემოქმედების ერთ კონკრეტულ პერიოდს ასახავს და მისი ფოტოგრაფიაში მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს უკავშირდება.
მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, ასევე, ვან ბაიბურთი, ბადრი ვადაჭკორია, გურამ წიბახაშვილი, შაჰ აივაზოვი და ირინა აბჟანდაძე და იური მეჩითოვის სხვა კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ.
წიგნ-ალბომში – „მზერა ოთხმოციანებიდან, თბილისი 1980-1984“ – გაცოცხლებულია ოთხმოციანი წლების თბილისის ყოფა, კულტურული, პოლიტიკური ცხოვრება, პორტრეტები და თბილისში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სცენები.
წიგნი დააინტერესებს ფოტოგრაფებს, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ასევე, ზოგადად, ფოტოგრაფიითა და აღნიშნული პერიოდის თბილისის ისტორიით დაინტერესებულ პირებს.
„მზერა ოთხმოციანებიდან, თბილისი 1980-1984“ – კულტურის სამინისტროს მიერ 700 ეგზემპლარად გამოიცა.
წიგნი დასაბეჭდად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.