„შთაგონებას ზოგჯერ პატარა დეტალის დანახვა იწვევს და მთლიანი პანოც იქმნება“ – პედაგოგი და ფსიქოლოგი, ხელოვნების სიყვარულის ძალა და… „ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“

დაიბადა   თბილისში. დაამთავრა  პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის  ფაკულტეტი.
მუშაობდა  საბავშვო  ბაღში  სხვადასხვა  პოზიციაზე…  ბოლოს  – 46-ე  ბაგა-ბაღში  ფსიქოლოგად.
სამი  წლის  წინ  დაინტერესდა დეკორატიული  ნივთების  შექმნით… ძალიან  მოსწონს  ფითხით – „შპაკლით“  ხატვა. მოგვიანებით კი  ცივი  ფაიფურით   და  ჰაერზე  შრობადი  თიხით  ძერწვა დაიწყო.
მუშაობს ასევე თექაზე,  ბაღშიც  ასწავლიდა  ბავშვებს.
თიხისგან,  „შპაკლისგან“ და ცივი ფაიფურით ქმნის ლამაზ პანოებს.  –  ნატალია  რურუას პერსონა.

– ხატვა  მიყვარდა  ბავშვობიდან..  თუმცა არ მივლია მასწავლებელთან… კიდევ  თოჯინების კაბებს  ვკერავდი  ხოლმე.  საოცარი  ბავშვობა  გავატარე  პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში. დედა თავად მუშაობდა იქ, მხატვრული კითხვის მასწავლებლად. ამავე დროს იყო  სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგი. მთელი ათი წელი  დადიოდა ქართულ ცეკვაზე – რეზო ჭოხონელიძესთან. და თენგიზ სუხაშვილთან, ასევე  მხატვრულ კითხვაზე – ინეზა აბესაძესთან.
უამრავი კონცერტი და გასტროლი  ძალიან  სასიამოვნო მოგონებად  დარჩა ჩემს მეხსიერებაში.  მქონდა უშუალო კონტაქტი და  შეხება  ცნობილ  მსახიობებთან – ლეილა აბაშიძესთან,  გოგუცა კუპრაშვილთან, რამაზ ჩხიკვაძესთან  და უამრავ  სხვასთან.
რაც  შეეხება ჩემს  პროფესიას,  ფსიქოლოგია  მაინტერესებდა ყოველთვის, რასაც  დაემატა  ბავშვების  სიყვარული. ვფიქრობ,  დედის  პროფესიამ აქაც  მოახდინა გავლენა, თუმცა სკოლაში  არ მინდოდა  მუშაობა. და არ  გავყევი დედის  კვალს. ერთი  მიზეზით – იქ,  სადაც  ნიშნები  უნდა  დავწერო,  არ  ვიმუშავებ-მეთქი.. არ მინდა  რომელიმეს  გული  ვატკინო  ჩემი  შეფასებით-მეთქი.
– ცხოვრების ასპარეზი პედაგოგიკას და ფსიქოლოგიას დაუკავშირეთ… საბავშვო ბაღებში მუშაობდით სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ფსიქოლოგადაც…
– საბავშვო ბაღში ვმუშაობდი  აღმზრდელადაც, მეთოდისტადაც და ფსიქოლოგადაც… ბაღმა ძალიან ბევრი რამ მომცა… უპირველეს  ყოვლისა –  ჩემი აღსაზრდელების  უზომო  სითბო და სიყვარული. ბევრ მათგანთან, მშობლებთან დღესაც მაქვს  კონტაქტი და ურთიერთობა.  ამ წლების  მანძილზე ბაღმა  საკუთარ თავზე  მუშაობა  მასწავლა… ასევე სიახლეების  ძიებაში, რომელსაც ბაღში  ვიყენებდი, ბევრი საინტერესო რამ  ვისწავლე. თუნდაც  თექაზე  მუშაობა.
ეს არის საოცარი  მასალა, რომლისგანაც საოცრებები  იქმნება.  რელაქსაციისთვის საუკეთესო  საშუალებაა და  მიღებული  შედეგით გამოწვეული სიხარული და აღფრთოვანება. უნდა  გენახათ,  რა  მონდომებით  აკეთებდნენ   პატარები  თექისგან ყურძნის მარცვლებს, ფოთლებს, სხვადასხვა  პანოს  ჩემი დახმარებით… ის კი არა,  მშობლებიც მოდიოდნენ, ჩვენც  გვასწავლეთო.

„კესანების ხე“

– სამი წლის წინ დაიწყეთ დეკორატიული ნივთები შექმნა. სახლის ერთი კედელი ფითხით (შპაკლით) მოხატეთ…
– რაც  შეეხება „შპაკლით“  აღფრთოვანებას, ასე დაიწყო – სახლში ერთი  კედელი  წლების  მანძილზე  იყო  მხოლოდ  გალესილი  გაჯით. ბევრი  ვიძახე,  რამე  გავაკრათ, გავალამაზოთ-მეთქი, მაგრამ არვინ  შეისმინა… ავდექი და დავიწყე  ძიება  ინტერნეტსივრცეში – როგორ  გავალაᲛაზოთ  კედელი  საკუთარი  ხელით და მივაგენი  კიდეც…
საოცრად  მომეწონა  მუშაობის პროცესი.. მომინდა სხვა  ნაყშის, ანუ უზორის  მოსინჯვა და გადავედი  უკვე  მუყაოზე… ასევე  ვნახულობდი  ქილებისა  და  ბოთლების  დეკორს, ამავე დროს  ძალიან მომეწონა  ამ დეკორირებულ  „შპაკლზე“  სხვადასხვა  ფიგურის  დასმა..
შევისწავლე   ფაიფურის და  თიხის  რეცეპტები…. და  მეც  უამრავი  რეცეპტი  გამოვცადე.  შემდეგ  ახლობელმა  მაჩუქა  ვინილის  ძველებური  ფირფიტები. ბევრი არც  მიფიქრია. დავიწყე  მათზე  შპაკლით  დეკორისა და პანოების  შექმნა. ზოგჯერ  ვიყენებ სქელ მუყაოსაც. ასევე – აკრილის  საღებავს და  ბოლოს – ლაქს…
– ცივი  ფაიფურით   და  ჰაერზე  შრობადი  თიხით, ასევე „შპაკლისგან“ და ცივი ფაიფურით ქმნით პანოებს…
– შთაგონება  ზოგჯერ  შეიძლება  პატარა დეტალის  დანახვამ გამოიწვიოს და  უკვე  მთლიანი პანოც  იქმნება.. ზოგჯერ კი ის რომელიმე  ნახატიდან  მოდის… ბალერინა თეთრებში, რომელიც  ძალიან მიყვარს, ერთი საოცარი  გოგოს – იზა წურიაშვილის  ნახატია (Art Iza).
როგორც კი  დავინახე, მაშინვე  მივწერე  ავტორს, რომ  თუ თანახმა  იქნებოდა,  მისი ნამუშევრის მიხედვით ვაპირებდი  პანოს  გამოძერწვას.. მან თანხმობა  მითხრა… და მეც  გამოვძერწე… თუმცა  მაინც  ნახატის იდენტური  არაა  ბოლომდე… ასევე  საოცარი  მხატვრის, რამაზ  ყაზიშვილის ნახატი – „კესანების  ხე“  გახდა  ჩემი  პანოს  შთაგონება. გავბედე და  ფიროსმანის „მეთევზე” და „მეეზოვეც“ გამოვძერწე.
– ლამაზია თქვენ მიერ შექმნილი დეკორი „შპაკლით“…
– ისე  ძალიან შრომატევადი  საქმეა. ზოგჯერ  ისე დამათენდება, რომ  ვერც  ვიგებ,  მაგრამ ჩემთვის  ძალიან   სასიამოვნო პროცესია.

„გაზაფხული“

ნამუშევრებიდან  ბევრი  გავაჩუქე. გაყიდვით კი, არ ვყიდი… მხოლოდ ერთი-ორი,  ისიც  ძალდატანებით.  მიმაჩნია, რომ თითოეულ ნამუშევარში იმდენ შრომას და სიყვარულს ვდებ, ფული მაინც ვერ  აანაზღაურებს და  მირჩევნია სამახსოვრო საჩუქრად  მივცე ჩემს  ახლობლებს.
ყველა  ნამუშევარი ჩემთვის ძვირფასია, თუმცა ერთ – ერთი პირველი  – „საქართველოს  რუკა“ ძალიან მიყვარს, ასევე – „მზესუმზირები“, „ბალერინა თეთრებში“,  საქართველოს დროშა  და რუკა… იმიტომ რომ  ჩემი ექვსი წლის  შვილიშვილის, ანდრიას თხოვნით და  მისი  მონაწილეობითაა  შექმნილი.
ორნაწილიანი  პანო  „გაზაფხული“  შევქმენი  ტერენტი  გრანელის  ლექსის  მიხედვით – ,ხიდან  ხეზე  გადაფრინდა  ჩიტი“.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს შემოქმედებითი საქმიანობა?
– ჩემთვის ეს  საქმიანობა  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი გახდა იმიტომ, რომ  განტვირთვის საოცარი  საშუალებაა  ამ  დაძაბულ და სტრესებით  სავსე  ცხოვრებაში, თუმცა  ვიცი, რომ  ბევრი  მათგანი  არაა დახვეწილი, მაგრამ  ჩემთვის ყველა  მათგანს  დადებითი  ენერგეტიკა  მოაქვს…  და  კიდევ, უზომოდ  მსიამოვნებს,  როდესაც  ჩემს  ნამუშევრებს  ვაჩუქებ ხოლმე  ახლობლებს და  ვახარებ… მიხარია, როცა  სტუმრობისას  ჩემი  ნამუშევრებით დამშვენებულ  სახლს ვხედავ.
სამომავლოდ ისევ ვფიქრობ, როგორც კი დრო  გამომიჩნდება (მოგეხსენებათ, დიასახლისის  დატვირთული  გრაფიკი), აუცილებლად  შევქმნი  დეკორატიულ  ნივთებს და  გავახარებ  ჩემს  ახლობლებს.. თუმცა  ბევრი  მწერს და ახლობლებიც  მირჩევენ, რომ  რეალიზაცია  მოვახდინო. მაგრამ  ვერც  მეთმობა  და ვერც ვბედავ… დიდი  სურვილი  მაქვს,  შევისწავლო  კიდევ უფრო  მეტი სხვადასხვა ტექნიკა საინტერესო დეკორის  შესაქმნელად და გამოვცადო  საკუთარი  თავი ახალ – ახალი  თემების  შექმნაში… და უფრო  დახვეწილი  გავხადო  ფორმები..
ამას  ჰქვია  სწავლა  სიბერემდე.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები