ოკუპირებულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა აქტუალურია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრში საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, “საქართველოსთან ურთიერთობა” და “აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის ასპექტები” განიხილეს.

შეხვედრაზე ოკუპირებული გალის ყოფილმა ე.წ. ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიმ თქვა, რომ “საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნი პერსპექტივა აქტუალური რჩება”.

მისი თქმით, “საქართველოში სერიოზული შიდა ბრძოლა მიმდინარეობს და მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აფხაზეთი, ალბათ, უკვე ომისთვის მზადებაში იქნებოდა. თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო ცბიერია, საკუთარ თავზე ღელავს”.

“როგორც “აფსნიპრესის” ხელმძღვანელმა, მანანა გურგულიამ თქვა,  მიუხედავად იმისა, რომ “საქართველო მტრულ სახელმწიფოდ რჩება, გადასაჭრელ საკითხებზე კონტაქტების დამყარება აუცილებელია. აფხაზეთში უამრავი საკითხია დაგროვილი, რომელიც საექსპერტო შეფასებას საჭიროებს, მაგრამ მათი განხილვა და გადაწყვეტა სხვადასხვა კლასის პოლიტიკური ბრძოლის საგანი ხდება”..

პოლიტოლოგმა, ნათელა აკაბამ აღნიშნა, რომ აუცილებელია “ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან დიალოგის გამართვა”. მისი თქმით, “ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არ იცის აფხაზეთთან ომის შესახებ და მოვლენებს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტად აღიქვამს”.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულიამ განაცხადა, რომ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, “საქართველოსთან მოლაპარაკებებზე საუბარს აზრი არ აქვს”.

„საქართველოს ჯერ ომი არ გამოუცხადებია და ჩვენ უკვე მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. უარესისთვის უნდა მოვემზადოთ და ჩვენი ყველაზე ძლიერი პოტენციალი არის პატრიოტიზმი. ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლებისგან მზადებას ვერ ვხედავ. უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ამას ჩვენ მაგივრად არავინ გააკეთებს – “თქვა მან და დასძინა, რომ “საქართველოსთან მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ აზრი აფხაზეთის მოსახლეობას უნდა ჰკითხონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები