სოსო შატბერაშვილი: ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგანაც მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილება

„ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგანაც მთავარ ოპოზიციურ ძალად და ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილება, რომელიც დაინტერესებული არაა იმით, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – ამის შესახებ, პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შატბერაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.

„საქართველოში დღეს ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობაა და არამარტო საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი ომშია ჩართული. სომხეთ-აზერბაიჯანზე არაფერს ვამბობ, ყველამ კარგად ვიცით, ცოტა ხნის წინ ცხელი ომი დამთავრდა, თუმცა, ისევ მძიმე მდგომარეობაა და რა წუთს შეიძლება, ტყვია გავარდეს, არავინ იცის. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თურქეთში, რადგან თურქებს აჯანყებულ ქურთებთან ბრძოლა უხდებათ. რუსეთი, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომშია ჩართული, ჩვენი საზღვაო მეზობელი უკრაინა ომშია ჩართული. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია დაწყებული და ამ ომში, ჯერჯერობით, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს, თუმცა, ყველანაირი მცდელობა მიდის, რომ საქართველო ამ ომში იქნეს ჩართული. იმ ადამიანებზე, რომლებიც ომში საქართველოს  ჩართვას ცდილობენ, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს მეგობრები და კეთილმოსურნეები არიან. ისინი საქართველოსთვის ავისმოსურნეები არიან . პირველ რიგში, ავისმოსურნე უკრაინის ხელისუფლებაა, რომელიც არც მალავს და პირდაპირ აცხადებს, თქვენთან მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო. ჩვენი ტერიტორიები ხომ დაცული არაა, დარღვეულია და ჩვენი ორი ძირძველი ტერიტორია რუსეთს აქვს მითვისებული. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ 40 კილომეტრში ტანკები დგანან. ასევე გვავიწყდება, რომ ამ 40 კილომეტრში მარტო ტანკები კი არ დგანან, საელჩოებიც მუშაობენ. ანუ, ეს ტერიტორია გაერო-ს წევრი რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებულია.

ჩვენს ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე და სიბრძნე მართებს, რადგანაც ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. დავიწყოთ იმით, რომ 12 პუნქტიდან, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას შესასრულებლად გადმოეცა, 11 პუნქტი შესრულებადია, მაგრამ მე- 12 პუნქტი პოლარიზაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს. ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგანაც მთავარ ოპოზიციურ ძალად და ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილება, რომელიც დაინტერესებული არაა იმით, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რატომ, ახლავე მოგახსენებთ: როგორც კი ჩვენს ხელისუფლებას ეს 12 პუნქტი გადმოეცა, მეორე დღესვე ოპოზიციური პარტია გარეთ გამოვარდა, ხალხი გამოიყვანა და აქციები დაიწყო, ვგულისხმობ 20 ივნისის აქციებს. აქციები დაიწყეს არა იმ მოთხოვნით, რაზეც ხალხი გამოიყვანეს, რომ ჩვენ შინ, ევროპაში გვინდა, არამედ იმ მოთხოვნით, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, რაღაც ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას და ამას ომბუდსმენმა უნდა უხელმძღვანელოს, რომელსაც ნულოვანი რეიტინგი აქვს“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

„ამ პარტიას თუ მართლა მშვიდობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წოდების სტატუსის მიღება უნდა, მაშინ რატომ მართვას მიტინგებს და რატომ არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რატომ არ ჩაერთვება საკომიტეტო მოსმენებში, რომელიც დაწყებულია და სხვა ოპოზიციური პარტია მონაწილეობენ? მთავარი ოპოზიციური პარტია ამ დროს რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვს, რაც პრეზიდენტმა დანიშნა კიდეც. ყველამ კარგად იცის, რომ სამუშაო პროცესი სესიაზე არ იმართება, სამუშაო პროცესი სწორედ კომიტეტურ მუშაობაშია. ამ კომიტეტურ მუშაობაში არ ერთვებიან და ცდილობენ, ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინონ. დესტაბილიზაციის მიზანია არეულობის შექმნა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ხელს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და აშშ-ის საელჩო უწყობენ.
ევროპარლამენტმა ყოვლად წარმოუდგენელი რეზოლუცია მიიღო, ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. საკმარისი იყო, საქართველოში ევროკავშირის საელჩოში დაერეკათ და ეკითხათ, სად იმყოფება სააკაშვილი, ეტყოდნენ, რომ სააკაშვილი საავადმყოფოშია. რას ვხედავთ რეზოლუციაში: წერია, სააკაშვილი კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილიო, რაც დიდი ხანია, გაკეთებულია. დებატები გაიმართა, ისევ და ისევ სააკაშვილზეა ლაპარაკი და იქვე დაემატა გვარამიაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, გვარამიაზე რომელსაც რამდენიმე მილიონის მითვისებას ედავებიან, მისი მომხრეები ამბობენ, ავტომანქანის გამოყენებისთვისაა გასამართლებულიო. ისევე, როგორც სააკაშვილზე ამბობენ, რომ ის გასამართლებული ყოფილა პიჯაკებისთვის. რას იტყვიან საზღვრის უკანონო კვეთაზე, რომ ის აქ არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა? ჯერ რა განაცხადა იმ არაჟნებიან კონტეინერში: მე, რომელიღაც უცხო ქვეყანამ გამიტაცა, რომელმა ჯერ არ ვიცი და მერე მოგახსენებთო. ეს განცხადება რას ნიშნავს? ან ის განცხადება რას ნიშნავს, ხვალ არჩევნებია, არ ჩავერევი და ზეგ 100 000 ადამიანს თავისუფლების მოედანზე ველოდებიო? 2003 წლის ნოემბრის სცენარის გამეორება უნდოდა. ესაა მათი მიზანი.

რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს, ის ჩვენი ქვეყნის სასამართლო საქმეში უხეშად ერევა. ვაშინგტონი ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს, ამისთვის მადლობლები ვართ, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მონურად მორჩილები ვიყოთ და თუნდაც აშშ-ს ელჩს ნება მივცეთ, სასამართლო ხელისუფლებაში ჩაერიოს. ეს წარმოუდგენელია. „მოყვარეს პირში უძრახეო“- აქედან გამომდინარე ვამბობ.

ასე  რომ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს ხელისუფლებას ასჯერ მეტი სიფრთხილე მართებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ გადატრიალებას, რევოლუციას ვეღარ გადაიტანს“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები