ოთარ შამუგია – რაჭაში ტყის გასხვისების შესახებ ინფორმაციაზე: არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა, საუბარია კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, სალიცენზიო პირობებით, დასაქმებულების 80% ადგილობრივი უნდა იყოს
„არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა. საუბარია არა გასხვისებაზე, არამედ გარკვეულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 105 000 ჰექტარ ფართობზე, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება. არსებობს ჩამონათვალი, რომელიც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და განახორციელოს“, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რაჭაში, ტყის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ოთარ შამუგიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თითქოს, მოსახლეობას ტყეში შესვლისა და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის უფლება არ ექნება.
„სალიცენზიო პირობებში, ჩამონათვალში არის ვალდებულებები, რაც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება, რომ მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი. ლიცენზიას აქვს ვალდებულება, დაიცვას ტყე უკანონო ტყით სარგებლობისგან, ხანძრისგან. ასევე განახორციელოს ინვესტიცია სულ მცირე ხუთი მილიონი ლარის ფარგლებში პირველი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ინვესტიციის ფარგლებში ადგილზე განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა დაასაქმოს ისევ და ისევ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მოსახლეობა. სალიცენზიო პირობებში პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დასაქმებულების 80 პროცენტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი. სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს, დავიცვათ ტყე, ჩვენი ბუნებრივი რესურსები და ამავე დროს, შევქმნათ შესაძლებლობები ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეკოტურისტული მიმართულებებით განვითარებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ყველა კითხვაზე დეტალურად ვუპასუხოთ საზოგადოებას სხვა ფორმატებშიც. კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. მანამდე მას არ აქვს უფლება არანაირი ღონისძიების გატარების, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებისა. მან უნდა წარმოადგინოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას, განვითარებას აპირებს.
როგორი იქნება, ასე ვთქვათ, პროექტები, რომლებსაც განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა. სალიცენზიო პირობები კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს, თუ რა პირობებით მოხდა გადაცემა. ეს არის სამონადირეო მეურნეობის მოწყობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ რას მოაშენებს, რას გააკეთებს, რა კონკრეტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, ეს გაწერილია. პირველი შემთხვევა არ არის, 2003 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 16 სამონადირეო მეურნეობაზეა გაცემული ლიცენზია. ყველა შემთხვევაში ასე ხდება, რომ კომპანია წარმოადგენს მართვის გეგმას, ხდება განხილვა სამინისტროს და ყველა უწყების ფარგლებში.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოს ლიცენზიებმა. არ შეიძლება, რამე კითხვა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები ან ვინმე ტყეში ვერ შევა და ვერ ისარგებლებს სიკეთეებით, რაც აქვს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე, რაშიც ყველა უნდა ჩავერთოთ – რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესებიც“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.