ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდნენ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო 12 პუნქტიან გეგმასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართულებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ამ სამსახურების შემდგომ განვითარებაზე.
„გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა და ჩვენ მოვისმინეთ ამ სამსახურების ხელმძღვანელების პოზიციები. დღეს, ორივე სამსახურისთვის კანონმდებლობის დონზე შექმნილია მყარი გარანტიები მათი დამოუკიდებლობისთვის.
ამასთანავე, ყოველთვის არის სივრცე, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გაუმჯობესდეს. ამ სამსახურების ხელმძღვანელებს აქვთ კონკრეტული წინადადებები მათი უწყებების კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით და ამ საკითხებზე ჩვენ მორიგ შეხვედრებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები იქნება უკვე გაფართოებულ ფორმატში, სადაც ყველას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტულ წინადადებებზე”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.