მეუფე შიო: ვევედროთ უფალს შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი

„ვევედროთ უფალს შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობიდან მეხუთე კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ გერგესეველი ეშმაკეულების განკურნების შესახებ. მან აღასრულა ეს დიდი სასწაული და შედეგად მთელი გერგესეველთა ქალაქი გამოდის და იმის მაგივრად, რომ სთხოვონ მათთან დარჩენა, სთხოვენ, მოშორდეს და გასცილდეს მათ საზღვრებს. რატომ ხდება ეს? ეტყვიან კიდეც, რომ „წადი ჩვენგან, ნუ დარჩები აქ!“
ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სიტყვები ნათქვამი აქვს, მაგალითად, პეტრე მოციქულსაც, როდესაც იგი შეესწრო მის ნავში აღსრულებულ დიდ სასწაულს, სასწაულებრივ თევზჭერას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოახდინა. მაშინ პეტრეც ეტყვის, რომ „წადი, უფალო, ჩემი ნავიდან, მე არ ვარ ღირსი, რომ შენთან ერთად ვიყო ერთ ნავში“. მაგრამ პეტრემ თქვა ეს დიდი მოწიწებით, მოკრძალებით, სიმდაბლით, ღვთის შიშის გამო, თავისი ცოდვების გაცნობიერების გამო, იესო ქრისტეს სიწმინდის გაცნობიერების გამო. აი, ამ გერგესეველებმა კი სულ სხვა მოსაზრებით უთხრეს ასე. არც სიწმინდე იყო ამის საფუძველი, არც სიმდაბლე და არც მოწიწება, არამედ ის, რომ მათ დაინახეს, მათი ღორების ჯოგი, რომელშიც შევიდა ამ ეშმაკეულებიდან გამოსული დემონების ლეგიონი, როგორც წმინდა სახარება ამბობს, როგორ გადაეშვება ზღვაში და იწყებს დახრჩობას.
ამ გერგესეველთა წინაშე დადგა ასეთი შეკითხვა, შეიძლება ეს უმართებულო იყო, მაგრამ გამომდინარე მათი უმეცრებიდან, მათთვის ეს შეკითხვა იყო სერიოზული, რომ ან მიიღონ იესო ქრისტე, ანუ აირჩიონ იესო ქრისტე თავისი სიკეთით, რასაც იგი აღასრულებდა (ხომ იცოდნენ, რომ აღასრულებდა ამდენ კურნებას და სიკეთეს, შეესწრნენ კიდეც აი, ამ დიდ სასწაულს), ან კიდევ – ღორების კოლტი. ისინი ასე ფიქრობდნენ, რომ „იესო ქრისტეს ის ძალა, რომელმაც ეს სასწაული აღასრულა, ჩვენ არ ვიცით, რა დამოკიდებულება ექნება ამ ძალასა და იესო ქრისტეს ჩვენი მატერიალური ფასეულობებისადმი, არ ვიცით“. მათთვის ეს გაურკვეველი იყო, რადგან ეს ღორების კოლტი ზღვაში დამხრჩვალი დაინახეს.
 დიახ, რა თქმა უნდა, ქრისტემ განიკურნა ეს ორი ეშმაკეული, დიდი საქმე აღსრულდა, მაგრამ ღირდა ამად?! – შეიძლება ასე აზროვნებდნენ ისინი, რომ „ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ორი ადამიანის განკურნება“.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ისინი უფალს უარს ეტყვიან, სთხოვენ მას, რომ გაშორდეს მათ ქალაქს და ირჩევენ ამ ღორების კოლტს, უარს ამბობენ ქრისტეს მათთან ყოფნაზე, ღმერთთან ცხოვრებაზე, ქრისტესთან ცხოვრებაზე, რასაც მოაქვს ამდენი სიკეთე.
აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო. რა თქმა უნდა, ისინი ამას ამბობენ საკმაოდ ზრდილობიანად, არ გააძევებენ უფალს, როგორც სხვაგან მომხდარა და სთხოვენ, რომ წავიდეს, მაგრამ აი, არჩევანი იყო მათი ასეთი. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე დღეს. ჩვენ თითქოს არ ვამართლებთ ამ გერგესეველებს, რა თქმა უნდა, ვამტყუნებთ მათ, მაგრამ ხომ არ არის ეს მოჩვენებითი? ხომ არ გვეშლება ჩვენც? იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე აი, ეს საკითხი – იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს აი, ამ გერგესეველთა სულს, განწყობას, ძალიან ხშირად ის ბატონობს ჩვენთან. ეს არის საშინელი სული ამ გერგესეველთა, რომელიც სპობს ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს. შედეგად, ადამიანის ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს მუდმივად აი, ამ ღორების ჯოგის მოვლა-პატრონობასა და დაცვაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შევადაროთ აი, ამ ღორების კოლტს, რომელსაც იგი ყველაზე მეტად უფრთხილდება ამ ცხოვრებაში და რაც შეიძლება გახდეს ჩვენსა და ღმერთს შორის დიდი უფსკრულის მიზეზი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერეგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური.
ამიტომ ღმერთმა გვაშოროს ჩვენ, ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავთ ვერულიძეების გვარს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ!”,- განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები