ევროკავშირში შიშობენ, რომ მაფიას და სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებას უკრაინიდან იარაღზე ექნებათ წვდომა, როგორც ეს იყო იუგოსლავიაში სამხედრო კონფლიქტის დროს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.
როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი, ორგანიზებული დანაშაულის ზრდის თავიდან ასაცილებლად ევროკომისიამ, მოლდოვის ხელისუფლებასთან ერთად, რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოებისა და საზღვრების მართვის მხარდაჭერის ცენტრი გახსნა.
იოჰანსონმა გაიხსენა, რომ იუგოსლავიის ომის შემდეგ ევროპაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ომის ზონებიდან კონტრაბანდული იარაღის უკანონო ვაჭრობის პრობლემა რჩება.
მსგავსი პრაქტიკის თავიდან არიდების მიზნით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, შეექმნა სპეციალური ცენტრი მოლდოვის სასაზღვრო ზონაში.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა გამოიწვია შიდა უსაფრთხოების საფრთხეების ზრდა როგორც ევროკავშირში, ასევე, მოლდოვაში. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მოლდოვამ კრიმინალური და უსაფრთხოების შედეგების მართვაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცენტრი კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის დახმარებას კანონის აღსრულებისა და საზღვრის კონტროლის სფეროში და განავითარებს საზღვრის კონტროლის არსებულ მექანიზმებს, მათ შორის, ევროპოლისა და ევროკავშირის საგარეო საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს (Frontex) მეშვეობით.
„ცენტრი გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ ოპერატიულ ქმედებებს მოლდოვასთან ორგანიზებული დანაშაულის საკითხების გადასაჭრელად, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღით ან ადამიანებით ვაჭრობისთვის. ეს ასევე დაეხმარება მოლდოვას, მიიღოს მონაწილეობა ჩვენი და ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების ინსტრუმენტებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.