მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს (საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი) სპეციალური მოწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია და დისკუსია.

„23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ვულოცავთ ჩვენ უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც, მაგრამ, ასევე, გვჯერა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომის საფუძველი არ არსებობდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიცვლება. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ შეთანხმებას და ვატარებთ რეფორმებს, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ევროკავშირთან თავსებადობა.
ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გზას, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერაც, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად გაცნობიერება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერისთვის საქართველოს როლის სათანადოდ შეფასება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომებზე სპეციალურ მომხსენებლად წარდგნენ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, ევროპარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა. პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებისკონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრა 10-11 ივლისს გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები