გერმანიაში რუსულ გაზთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის ემზადებიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობა “ყველა სცენარისთვის” ემზადება.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედება არაპროგნოზირებადია არა მხოლოდ უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, მათ შორის – ენერგორესურსების მიწოდების ნაწილში.

”ამის გათვალისწინებით, ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით”, – თქვა დიპლომატმა.

ბერბოკი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მთავრობა უზრუნველყოფს,  გაზის მიწოდების შემცირებამ საზოგადოებაში უთანასწორობა არ გამოიწვიოს.

ამავე დროს, ის წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია გახანგრძლივდეს.

გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს (Bundesnetzagentur, BNetzA) ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა, რომ რუსული ენერგორესურსების მიწოდების კუთხით სიტუაცია კვლავ გაურკვეველია და უმჯობესია გაზის დაზოგვა ახლავე დაიწყოს.

დღეს “გაზპრომმა” მილსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გავლით ევროპაში გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოებით აიხსნა, რომლებიც თითქოს 21 ივლისამდე გაგრძელდება, თუმცა, გერმანიაში შიშობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ამ თარიღის შემდეგაც არ განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები