Reuters: შრი-ლანკას პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, შრი-ლანკას პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა მაჰინდა იაპა აბეივარდენუმ განაცხადა.
სპიკერის თქმით, განზრახვის შესახებ მას სახელმწიფოს მეთაურმა აცნობა. ძალაუფლების გადაცემა 13 ივლისამდე უნდა მოხდეს.
„13 ივლისს გადადგომის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ვთხოვ მოქალაქეებს პატივი სცენ კანონს და შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – განაცხადა აბეივარდენუმ.
ამავდროულად, Associated Press-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების თაობაზე საპარლამენტო პარტიების ლიდერების შეხვედრაზე მიიღეს და ის დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს კოლომბოში ათასობით მომიტინგემ გაარღვია პოლიციის ბარიკადები და შეიჭრა პრეზიდენტის გოტაბაი რაჯაპაქსას ოფიციალურ რეზიდენციაში. კადრები მომხდარის ადგილიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.