მიხეილ ყაველაშვილი: პირდაპირ მივმართავ აშშ-ის ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში

ჩვენ არ გვეშლება არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ ელჩს დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

“პირდაპირ გეტყვით, ელჩის განცხადების გამო განცვიფრებული ვარ. მისი მხრიდან იყო დაუფარავი გაღიზიანება და ისეთი დამოკიდებულება, რაზეც არ შემიძლია, არ ვისაუბრო. არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ. მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამხმოვანებელი და კითხვები, რომელიც არსებობდა, არ იყო მარტო ჩემი პირადი კითხვები. ეს საზოგადოების კითხვები იყო.

პირდაპირ მივმართავ ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში. მან საქართველოს უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და როცა საქართველოს პარლამენტის წევრს, უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს ესაუბრება, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს, შეურაცხმყოფელია. როცა კითხვები არსებობს, მე მინდა, მან პასუხი გასცეს და იქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესს. სწორედ ამერიკის იმიჯს აზიანებს ის, რომ ის მხარს უჭერს სწორედ იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ამოვიდა და ხელისუფლების გადატრიალებაზე საუბარი დაიწყო“, – განაცხადა ყაველაშვილმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები