“მარტო სახლში” – ჯონსონის კაბინეტი კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის კაბინეტი კიდევ ერთმა, მეოთხე მინისტრმა დატოვა. დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერს ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხთა მინისტრმა, ბრენდონ ლუისმა აცნობა.

ლუისმა გადადგომის თხოვნის წერილი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ „ღირსეული და პასუხისმგებლიანი მთავრობა ეფუძნება პატიოსნებას, ერთიანობას და ურთიერთპატივისცემას – ჩემთვის ღრმა სინანულის საკითხია, რომ მთავრობა უნდა დავტოვო, რადგან აღარ მჯერა, რომ ამ ღირებულებებს პატივს სცემენ“.

დღეს ასევე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს მდივანმა, ჰელენ უოტლიმ; უშიშროების მდივანმა, დემიან ჰანდსმა და მეცნიერების საკითხთა მდივანმა, ჯორჯ ფრიმანმა.

Sky News-ის ცნობით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯონსონის კაბინეტი დატოვებული აქვს 50 ოფიციალურ პირს.

6 ივლისს ჯონსონის კაბინეტი სამმა მინისტრმა დატოვა, ასევე, მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებმა.

მრავალმხრივი მოწოდებების მიუხედავად, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობას არ დატოვებს.

კონსერვატიული პარტიის უკმაყოფილების მიზეზი საპარლამენტო ორგანიზატორის ყოფილ მოადგილე კრის პინჩერთან დაკავშირებული სკანდალი გახდა, რომელსაც ბრალად ორი კოლეგის შევიწროება ედება. ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა და, შესაბამისად, მხარი დაუჭირა 2022 წელს პინჩერის ხელახლა დანიშვნას, თუმცა, მოგვიანებით, ჯონსონი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს ასე არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები