თამარ ბოლქვაძე: ჟურნალისტური სოლიდარობა მსხვილი ხედით – ჩვენიანს თუ ცემენ, დასაგმობია, სხვა მედიის ჟურნალისტი თუ დახვრიტეს, ეს უბრალოდ ომის ქრონიკაა

ჟურნალისტური სოლიდარობა მსხვილი ხედით – ჩვენიანს თუ ცემენ, დასაგმობია, სხვა მედიის ჟურნალისტი თუ დახვრიტეს, ეს უბრალოდ ომის ქრონიკაა, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს და 30 წლის წინ ასევე ჟურნალისტის, დათო ბოლქვაძის დახვრეტას იხსენებს.

მისი თქმით, ძალადობა ყველა შემთხვევაში დასაგმობი და მიუღებელია, თუმცა არც ორმაგი სტანდარტია მისაღები.

“ჟურნალისტური სოლიდარობა მსხვილი ხედით

30 წელი გავიდა დათო ბოლქვაძის დახვრეტიდან, აქედან 20 წელზე მეტი ჟურნალისტურ სოლიდარობას არ „ეცალა“ დათოს თანაგრძნობისთვის! მისი მკვლელის „ადვოკატობით“ იყვნენ დაკავებულნი ისინი, მაშინაც კრიტიკულ მედიას რომ წარმოადგენდნენ და დღესაც…

5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობა სრულიად მიუღებელი ქმედებაა ჩემთვის და ყველა ჭკუათმყოფელისთვის, მაგრამ, არც ორმაგი სტანდარტია მისაღები…ჩვენიანს თუ ცემენ, დასაგმობია, სხვა მედიის ჟურნალისტი თუ დახვრიტეს, ეს უბრალოდ ომის ქრონიკაა და 30 წლის წინ მომხდარი ამბავი, უახლეს მოვლენებთან რა მოსატანი…

ერთ შემთხვევაში თუ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ფართოდ ხუჭავდნენ თვალს ჟურნალისტის მკვლელობაზე ან სულაც მკვლელს უთანაგრძნობდნენ, მეორე შემთხვევაში ძალადობა საყოველთაო სოლიდარობის და განგაშის საგანი გამხდარა, ასე იცის ორმაგმა სტანდარტმა!
გასულ დროს რა მნიშვნელობა აქვს, რა როდის მოხდა, როცა სოლიდარობა შერჩევითია, ან პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოყენებული, ესაა სამწუხარო…
ცხელ წერტილებში დაღუპულ ან დატყვევებულ ჟურნალისტებზე არა ერთი თოქ-შოუ მომზადებულა, დათო ბოლქვაძეს არც კი ახსენებდნენ, არ აწყობდათ მაშინდელი ხელისუფლების ნავში მჯდომებს, გულისგამხეთქი იყო, დაღუპული კოლეგის მიმართ სოლიდარობის ნიშანწყალიც რომ არ იგრძნობოდა, მთელი ოჯახი, სწორედ ასეთი ჟურნალისტებისგან ვიცავდით მის სახელს, მტკივნეული იყო სხვადასხვა ეთერში მკვლელი ქობალიას ყურება, როგორ ცდილობდნენ მასთან ინტერვიუ ისე წაეყვანათ, რომ დათოს მკლველობას არ შეხებოდნენ, ქობალია კი მამა აბრამის ბატკნად და საქართველოსთვის თავდადებულ კაცად წარმოეჩინათ, რატომ? გარდაცვლილი ვერაფერს იტყოდა და იმიტომ?..

ამ „მედიაწამებას“ ვერ გაუძლო მამამ და ინფარქტზე დართული ინსულტით გარდაიცვალა, დედას დიაბეტი დაემართა, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვარიდებდით ასეთ გადაცემებს, გული რომ არ გახეთქოდა…

ახლა ზედმიწევნით სოლიდარულებო, რა ჰქვია ამას, არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?!
ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის დათო ვინ იყო, უბრალოდ მათთვისაა სირცხვილი (თუ გააჩნიათ ეს გრძნობა) ათობით ადამიანის მკვლელის და სამშობლოს მოღალატის ეთერში მოწვევა და მხოლოდ მისთვის მისაღები კითხვების დასმა რეიტინგის მომტანი რომ ჰგონიათ…

აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლაი გერაშჩენკო მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, უკრაინაში რუსეთმა ომი რომ დაიწყო, ის კი არსად უხსენებიათ, მისი სიცოცხლის ბოლო წუთები დათოს გადაღებული რომ არის!

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული მედიის ეთერში ერთ გადაცემას ვუყურე, სადაც მედია ექსპერტი ამბობს: „ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა ქართული მედიის ისტორიაში“! არა, ქალბატონო ექსპერტო, ყველაზე მძიმე შემთხვევა 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის მოედანზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დათო ბოლქვაძის დახვრეტა იყო, ფეხშიშველი და ხელებზე მყესებჩაჭრილი დათოსი, ბოლო წუთამდე კამერას რომ არ უშვებდა ხელიდან!!!
იმავე ეთერში ისიც მოვისმინე, როგორ ეპარებათ ეჭვი ხელისუფლება ბოლომდე გამოიძიებს თუ არა 5 ივლისის მოვლენებს, იგივე მოქმედ პირებს და შემსრულებლებს ეჭვი ქობალიას მიმართ ორი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზეც ეპარებოდათ, სადაც თეთრზე შავით დასტურდებოდა ქობალიას ბრალეულობა! მათი ჟურნალისტური ეჭვი და უნდობლობა მხოლოდ იმ ავად სახსენებელი 9 წლის მანძილზე გამოტანილ „უგანაჩენო“ განაჩენებს არ შეხებია!

დათოს სახელს მისი ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული სიცოცხლე იცავს და კიდევ ის დრო, თქვენგან განსხვავებით, მიუკერძოებლად რომ აფასებს ადამიანებს და მოვლენებს…

ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ნებიმიერი სახის ძალადობა ყველა დროში მიუღებელია ჩემთვის, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთადერთი, სახალხოდ დახვრეტილი ჟურნალისტის დისთვის!

პ.ს. “პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის, იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს! “
ეს წარწერა ვაშინტგონში აღმართულ მემორიალზეა გაკეთებული, სადაც დათო ბოლქვაძის სახელი და გვარი მსოფლიო ჟურნალისტებს შორის არის ამოტვიფრული. ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ”, – წერს თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები