ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას
„ნაცმოძრაობა“ თავიდანვე იყო პოლარიზებული საზოგადოებასთან, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყო და რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია შემდეგაც დარჩა ძალაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.
„უკვე პოლიტიკურ პარტიებს თუ ვეხებით, პოლარიზაცია გადმოვიდა „ქართულ ოცნებას“, ანუ მმართველ ძალასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია გვექნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მათ შორის, შემდეგი ორი წელიც უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს ერთობლივად „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება და დეპოლარიზაცია, როცა ევროპელები ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახალი კოაბიტაციისკენ მოუწოდებენ, კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა იმოქმედოს.
„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.