რატი იონათამიშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება.
მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეს ადამიანები არ მუშაობენ.
“ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეშლაა. დღეს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება. საქართველოს პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, ჩვენ პროაქტიულ რეჟიმში ვმუშაობთ და ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება. როდესაც დღეს ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ პარლამენტში”, – განაცხადა იონათამიშვილმა.