კახა ძაგანია: ოპოზიციისგან აღვირახსნილ პოლიტიკურ პროცესს ვხედავთ, აუცილებელია – ინტერპარტიული ჯგუფი შეიქმნას

ოპოზიციისგან აღვირახსნილ პოლიტიკურ პროცესს ვხედავთ, რომელ პროცესშიც მთავარი საკითხია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხელისუფლების ლანძღვა, ვადამდელი არჩევნები და არა ის მთავარი აზრი, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჰქვია, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ განაცხადა.

ძაგანია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის თემა საქართველოს ევროპასთან ასოცირება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება -არმიღების საკითხია. დღიდან საკითხის დაწყებისა, ჩვენმა პარტიამ, „მემარცხენე ალიანსმა“ პოლიტიკურ პარტიებთან მოწოდებების გაკეთება დავიწყეთ, რომ ერთად უპირობოდ დამსხდარიყვნენ და მოქმედების გეგმა შეემუშავებინათ. იმის მაგივრად, რომ ეს გაეკეთებინათ, მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ლანძღვასა და გინებაში გადავიდა. საერთო ეროვნული საქმე, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, პრაქტიკულად, ჩააგდეს. შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ორივე პარტიის კისერზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ორმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უპირობოდ მიიღო და საქართველოს ეს სტატუსი არ მისცეს, მაინც მოგვეცა შანსი, ახალ წლამდე, ამ 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი გახდეს.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციისგან ვხედავთ აღვირახსნილ პოლიტიკურ პროცესს, რომელ პროცესშიც მთავარი საკითხია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხელისუფლების ლანძღვა, ვადამდელი არჩევნები და არა ის მთავარი აზრი, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჰქვია“, – განაცხადა ძაგანიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია – ინტერპარტიული ჯგუფი შეიქმნას, რომელიც, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციას მოახდენს.

„ჩვენ რამდენჯერმე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრა გვქონდა, ერთმა გვთხოვა კიდეც, ინსტრუმენტი მოგვეცით, როგორ წარმოგიდგენიათ ამის განხორციელებაო. ჩვენ ვთქვით, რომ უპირობოდ, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დამსხდარიყო, ჯგუფი გამოეყო და ინტერპარტიულ ფორმატში ამაზე მუშაობა დაეწყო. ჩვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების მთავარი ამოცანაა, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ინტერპარტიულ ფორმატში, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციას მოახდენს. ის საკითხები, რომლებიც ევროპელი მეგობრების და კოლეგების მიერაა გაწერილი, ამ პროცესში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ თავისუფლად მოგვარდებოდა. ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა, პარტიებს მოუწოდა, დამსხდარიყვნენ და ლაპარაკი დაეწყოთ. სამწუხაროდ, მხოლოდ საპარლამენტო პარტიებს მოუწოდა, მაგრამ არაუშავს, დავიწყოთ საპარლამენტო პარტიებით და შემდეგ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადავიდეთ. ვიცით, რომ პარლამენტს გარეთ ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი, პარტიაა დარჩენილი. მათი წარმომადგენლები გამოცდილი ადამიანები არიან და ვფიქრობ, რომ ისინი ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან წინადადებას დააყენებენ.
ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციამ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები მაინც წინა პლანზე დააყენა. ისევ იმის ძახილი დაიწყო, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს, რომ მთავარი ამოცანა ვადამდელი არჩევნებია დ ა.შ. პირველ ჯერზე აქციაზე – „შინ ევროპაში“ მოთხოვნით მართლა ბევრი ხალხი მივიდა. შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ ეს მიტინგები არ ემსახურებოდა სათაურს – „შინ ევროპიკენ“, ამ აქციების შინაარსი სხვა რამეა. ამ აქციების შინაარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი აიწიოს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ხელისუფლების ცვლილება არაკონსტიტუციური გზით მოხდეს. ხალხმა ეს დაინახა და აქტივობა შენელდა. გუშინ ჩავიარე, რუსთაველზე 6 ქალბატონი იდგა და Freedom Misha- ს იძახდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ აქციაზე ხალხი აღარ მიდის. ამიტომ იმისათვის, რომ ამ პროცესს კიდევ ერთხელ ავნოს, გადაწყვიტა, ახალი პირობა დააყენოს: თქვეს, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, მერე დავსხდეთ და ინტერპარტიული ჯგუფი შევქმნათო. ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები რომც მიიღოს, პროცესი დაიწყოს, ეს ისეთი გრძელი პროცესია, რომ მინიმუმ 6 თვე დასჭირდება. ანუ იმისათვის დრო აღარ რჩება, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ დასახული მნიშვნელოვანი საკითხები განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები გადასწიონ, წინ ქვეყნის, ხალხის ინტერესები დააყენონ, ინტერპარტიულ ჯგუფში უპირობოდ ჩაერთონ და მუშაობა დაიწყონ იმისათვის, რომ ქვეყნის პოლიტიკური დეპოლარიზაცია მოხდეს, ის 12 პუნქტი შესრულდეს. დღემდე ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ გარშემო არსებულ ვითომ არასამთავრობოებს, ტელევიზიებს და პოლიტიკურ პარტიებს ამის გაკეთება არ სჭირდებათ. ახლა ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადააბიჯოს ამ პროცესს და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მუშაობა და ინტერპარტიული ჯგუფის შექმნა დაიწყოს, რომელიც დეპოლარიზაციის და იმ 12 პუნქტის ამოცანას შეასრულებს. ისტორიული შანსი გვაქვს, ქვეყანამ განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, დემოკრატიის თვალსაზრისითაც, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ფინანსურ, პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთ. იცოდეთ, ისტორია ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მკაცრ პასუხს გასცემს. ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლებას ნაკლებად ეხება, რადგან ისინი ამ ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ცდილობენ მაინც“, – განაცხადა ძაგანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები