გივი მიქანაძე: ოპოზიციის მიზანია, არ შემოვიდნენ კონსტრუქციულ პროცესში, ხელი შეუშალონ და ისევ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ

საკონსტიტუციო ცვლილებები იმ 12 პუნქტში არ წერია, ერთი სიტყვაც არ არის ამაზე ნახსენები, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს შემოიტანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ამოფარებული ნიღაბი, რომლის უკანაც დგას მიზანი, რომ ოპოზიცია არ შემოვიდეს იმ კონსტრუქციულ პროცესში, რომელსაც მათ მმართველი გუნდი სთავაზობს.

„ზუსტად ამას ვთავაზობთ ოპოზიციას, შემოვიდეს ამ პროცესში, წარმოადგინოს თავისი ინიციატივები კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, დავსხდეთ, განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და ივლისი და აგვისტო გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის, რომ სექტემბრიდან იმ განრიგის მიხედვით, კონკრეტული კანონპროექტები განვიხილოთ.

რა გააკეთა დღეს ოპოზიციამ რამდენიმე საათიანი კონსულტაციის შემდეგ? – გამოვიდნენ საზოგადოებასთან და თქვეს, ამ ყველაფრის გამოსავალი არის რიგგარეშე სესიები. საკონსტიტუციო ცვლილებები იმ 12 პუნქტში არ წერია, ერთი სიტყვაც არ არის ამაზე ნახსენები, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს შემოიტანონ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს 12 პუნქტი განვახორციელოთ და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ამის წინაპირობა და მზაობა, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ოპოზიციის მხრიდან წინაპირობა. ეს ერთი მხრივ არის მოუმზადებელი თემა, ან მეორე მხრივ, ეს არის ამოფარებული ნიღაბი, რომლის უკანაც დგას მიზანი, რომ არ შემოვიდნენ იმ კონსტრუქციულ პროცესში, რომელსაც ვთავაზობთ, ამით მათი გადმოსახედიდან, პროცესს ხელი შეუშალონ და მერე ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები