თენგიზ ფხალაძე: ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა – რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი

“ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა – რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიღეთ ამისთვის და არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, საზოგადოების არჩევანიდან გადაუხვიოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, შეცდომის დაშვების და უკან დახევის დრო არ არის.

“ნატო-ს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ამ ვითარებაში, როდესაც საფრთხეები ასეთი ცხადია, დრო არ უნდა დაკარგულიყო იმაზე, რომ შვედეთსა და ფინეთს მინიჭებოდათ მაპ-ი, რაც ძალიან სიმბოლურია. ორივე ქვეყანა ყველანაირად არის ნატო-სთან თავსებადი: აქვთ თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის. ასე რომ, კითხვა, თუ რამდენად მზად იყვნენ, არც უნდა დასმულიყო. თავად ფაქტი, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნა, ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა – როდესაც ჩვენზე იქნება მსჯელობა, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ორი ქვეყნის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია – ერთი მხრივ, ნატო ფართოვდება, მეორე მხრივ კი, გვახსოვს, რომ 2021 წელი დამთავრდა რუსეთის ულტიმატუმებით ნატოს გაფართოების თაობაზე და ამაზე, ალბათ, ყველაზე ძლიერი პასუხი ეს გადაწყვეტილება იყო. უკვე პირდაპირ რუსეთის საზღვართან მივიდა ნატო. კიდევ ერთი ძალიან ცხადი გზავნილია ის, რომ ნატო თავის პარტნიორებს არ ტოვებს, რადგან შვედეთიც და ფინეთიც პოტენციური დარტყმის საფრთხის ქვეშ მდგომი სახელმწიფოები იყვნენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეჰფარებოდნენ ამ უსაფრთხოების ქოლგას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გადაწყდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება. დახმარება ულიმიტო, ამოუწურავია – ანუ უკრაინას დაეხმარებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, უკვე ნატო-ს წევრია და სარგებლობს იმ ტიპის დახმარებით, როგორიც არასოდეს არც ერთ არაწევრ სახელმწიფოს არ მიუღია. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ახალი კომუნიკეს მიღება, ამ მხრივ გამორჩეულია მადრიდის სამიტიც, რომელზეც მიღებულმა დოკუმენტმა მომავალ ათწლეულში უნდა განსაზღვროს პოლიტიკა და რაც მთავარია, მასში ნატომ რუსეთი პირველად მოიხსენია საფრთხედ.

აქედან გამომდინარე, სხვა დოკუმენტებშიც შევა სათანადო ცვლილებები და პროექტებიც თუ პროგრამებიც კონკრეტულად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იქნება აქცენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ კონცეფციაში გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს შესახებ – კერძოდ, ნატო ერთგული რჩება თავისი წინა გადაწყვეტილებების, ანუ კარი ღია რჩება საქართველოსთვის, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ვისურვებდი ფინალურ დეკლარაციაში ჩანაწერი საქართველოზე უფრო ძლიერი ყოფილიყო, როგორც წინა დეკლარაციებში… საჭიროა ინტენსიური მუშაობა ყველა პარტნიორთან, რადგან გადაწყვეტილებას იღებს არა ნატოს შტაბ-ბინა, არამედ თითოეული წევრი სახელმწიფო, თითოეული ხმა გადამწყვეტია და მათ მიღებას სჭირდება მიზანდასახული, გეგმაზომიერი მუშაობა. როგორც ჩანს, ეს დავაკელით. ვიმეორებ, ნატომ დაადასტურა თავისი ვალდებულებები და ჩვენ მეტი უნდა მოგვეთხოვა. ამასთან, ეს მოთხოვნა არ უნდა იყოს ერთჯერადი, მუდმივი მუშაობაა პარტნიორებთან საჭირო.

ჩვენ ამას ვახერხებდით მაშინ, როცა ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთის შესახებ პოზიციაზე არ იყვნენ შეთანხმებული და დღეს, როდესაც კონცეფციაში გიწერენ, რომ რუსეთი საფრთხეა და ერთხმად აღიარებენ ამას, საქართველოს შესახებ ჩანაწერი უფრო ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე სამიტზე შეგვეძლო მიგვეღო უფრო მეტი. შეგვეძლო ჩვენი კოზირები უფრო ძლიერად წარმოგვეჩინა და შედეგიც მიგვეღო იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა გვაქვს… საქართველოს მაპ-ი აღარ სჭირდება. შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრება უნიკალური პრეცედენტია და არა მგონია, ამის მერე საქართველო ისევ მაპ-ის ხაზს დაუბრუნონ. მაპ-ი ხომ იმთავითვე პრაქტიკული გაძლიერებისთვის შეიქმნა. ჩვენი პრობლემა პოლიტიკური ნაწილია, ის პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა და იმ გადაწყვეტილების მომზადება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებშიც გახდეს ალიანსის წევრი. ამ პოლიტიკურ შემადგენელზეა საჭირო მუშაობა. ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტმა მოგვცა საშუალება, რომ აღარ ვიფიქროთ მაპ-ზე და ეს პრეცედენტი ჩვენთვის სასარგებლოდ ვაქციოთ. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება. ეს საკითხები არ წყდება სამიტის წინადღეს და მით უმეტეს, სამიტზე. როდესაც ჩვენ ნატოში შესვლა გადავწყვიტეთ, ეს არ იყო სამიტის წინადღეს მიღებული გადაწყვეტილება. საუბარი მაქვს 2002 წლის პრაღის სამიტისთვის მზადებაზე. ჯერ ერთი, ამ სამიტზე უნდა მივეწვიეთ და წინასწარ ჩატარდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთანაც, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ გერმანია-საფრანგეთი. ყველასთან ჩატარდა ინტენსიური მუშაობა, რომ საქართველოს განაცხადი მოულოდნელი არ ყოფილიყო. არც მაშინ, არც მერე არავის უთქვამს, ჯერ ტერიტორიული პრობლემები მოაგვარეთ და მერე ვილაპარაკოთ გაწევრებაზეო. ნატოს ეს პოზიცია რომ ჰქონოდა, ეს მაშინვე დაფიქსირდებოდა, ან განაცხადს ვერ შევიტანდით. დღიდან ჩვენი განაცხადის შეტანისა ათვლის წერტილად იქცა ის მოცემულობა, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული, მაგრამ ეს არ არის ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრდეს

ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ – არც ერთ წევრ სახელმწიფოს საკითხი, ჯერ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ და მერე გაწევრდებითო, არათუ არ დაუყენებია, დახურულ ფორმატებშიც კი არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი. ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ სკეპტიკოსებთან და შევიმუშაოთ გაწევრების ის ფორმულა, რომელიც დაგვეხმარება გაწევრებასა და შემდეგ უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ისევე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში.

ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიღეთ ამისთვის და არც ერთ მთავრობას არა აქვს უფლება საზოგადოების არჩევანიდან გადაუხვიოს. საქართველოს წამი არა აქვს დასაკარგი, შეცდომის დაშვების და უკან დახევის. პირიქით, დღეს შესაძლებლობები იქმნება და ყველა წამი უნდა გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები