ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.
უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდებული მონაწილეობდა.
“მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.