წულუკიანი: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღირსეულია და მინდა, პატივისცემა დავუდასტურო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღირსეულია და მინდა, პატივისცემა დავუდასტურო, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ლატვიაში გუშინდელ საკალათბურთო მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა უხამსი ჟესტი აჩვენა ქართველ კალათბურთელებს.

„ეს იყო უზრდელობა, მაგრამ ჩვენი ნაკრები არის ღირსეული. მინდა, მათ კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო. ასევე ჩვენს საკალათბურთო გუნდს ჰყავს ძალიან ღირსეული მწვრთნელები და ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტი და ყველა ის ადამიანი, ვინც სპორტის სამინისტროსთან ერთად ქართული კალათბურთის განვითარებაზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შევაფასეთ როგორც უღირსი საქციელი, რომელიც პასუხსაც კი არ იმსახურებს.

შემთხვევით ვისარგებლებ და ვიტყვი, რომ 4 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ახალ საკალათბურთო დარბაზში, პირველი მატჩი ახალ სპორტის სასახლეში. ეს არის შესარჩევი მატჩი ევრობასკეტისთვის და ყველას გეპატიჟებით. რასაკვირველია, იმ ერთი უზრდელი მწვრთნელის გარეშე ყველა ხართ მოწვეული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები