ბექა ოდიშარია: გეტყვით იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და გავიგონე – ღონისძიების შემდეგ საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე
საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ ოთხი დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
დეპუტატი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და აცხადებს, რომ საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კამერების გასაჯაროებამდე შეფასებისგან თავს შეიკავებს.
“ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე ვიდრე კამერები არ გასაჯაროვდება, არანაირ შეფასებებში შესვლას არ ვაპირებ. გეტყვით იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ღონისძიების შემდეგ რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს.
იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად და საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, რომ ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ 4 დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე.
თქვენგან შეჩვეული ვართ ამ სიბინძურეს და ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა – მით უმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდება კადრები,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.