ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს რა მდგომარეობაში იყო მისული აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე
გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გუშინ აშშ-ის საელჩოსთან, “ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი თრობის ქვეშ მყოფი, ბინძური პროვოკაციების მოსაწყობად მივიდეს.
“დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში ამერიკელი მეგობრები. მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება.
მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა პროვოცირებული შემთხვევები, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა აბსოლუტურად ყოველგვარ საზღვარს”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.