სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას უწყობს ხელს

“დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდეს, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რომ პოლარიზაცია პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოში მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საკმაოდ დიდი დოზით ხელოვნურობას შეიცავს.

დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო. დიდი მიამიტობა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცამ ეს ვერ გათვალა. მეტიც, არა მხოლოდ გათვალა, არამედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების უმთავრესი მიზანი სწორედ რომ პოლარიზაციის გაღვივება და ბაკურიანის რევოლუციური სცენარის მოქმედებაში მოყვანა იყო.

დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას. მაგალითისათვის, უკვე სცადეს დეპოლარიზაციისთვის საარჩევნო ბარიერი მიებათ, რასაც არათუ დეპოლარიზაციასთან, კანდიდატის სტატუსთანაც ვერავითარი ლოგიკური კავშირი ვერ ექნება.

თუმცა, დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე – რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს.

სააკაშვილის თემის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რომ ხელოვნურია, ამას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის საქმეც მოწმობს. სააკაშვილს ქართული სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაუდგინა სასჯელი დანაშაულებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მოლდოვის მოქმედმა ხელისუფლებამ კი, კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტს, იგორ დოდონი სხვა პოლიტიკოსის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. აქ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. დოდონი რომ პრორუსი პრეზიდენტი იყო, სამართლის უზენაესობისთვის, წესით, ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები