“ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად ვერავინ განიხილავს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი ეს ცნება სრულად მიესადაგება” – სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს – ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ,,ნაციონალური მოძრაობა,, და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

“ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

კლასიკური განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც მსხვილ ფინანსურ რესურსს ფლობს და ამ რესურსს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად კერძო ინტერესების გამო იყენებს.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განმარტების ამ რამდენიმე ელემენტიდან მხოლოდ პირველს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს.

სწორედ ასე იყო გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც, რასაც, დარწმუნებული ვართ, ის დღესაც დაადასტურებს. როდესაც გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების დღეს, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის პრინციპული საუბარი გაიმართა, ორივე მათგანმა უმრავლესობის წინაშე რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის დღიდან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნებამდე, მათ შორის, პოლიტიკურ თემებზე არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა.

იგივე ეხება კიდევ ერთ ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც. გახარიამაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, მათ შორის არავითარი კომუნიკაცია აღარ ყოფილა. მეტიც, გახარიამ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილი მის გადაწყვეტილებებში პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდშიც კი არ ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამის ყველანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური უფლება ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა, როდესაც გავრცელებული სპეკულაციების საპასუხოდ, გახარიას ქმედებას თავისი სახელი დაარქვა. არცერთ სხვა შემთხვევაში, მას საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა არ ჰქონია.

როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს.

თუკი ვინმეს საქართველოში ოლიგარქი შეიძლება ეწოდოს, ესენი სწორედ ოპოზიციის მოქმედი ლიდერები – სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან.

მიხეილ სააკაშვილი ქართული პასპორტის ჩაბარების დღიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის არაფორმალური მმართველი რომ არის და პოლიტიკაში ყოველდღიურად ერევა, ამას თავადაც არ მალავს. ციხის საკანიც კი პარტიულ ოფისად აქვს ქცეული, სადაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეულ პარტიულ ამხანაგს უმასპინძლა. მეტიც, ციხიდან რევოლუციური განცხადებების გაკეთებასაც კი არ ერიდება. მას რომ ნაძარცვი ფული არ აკლია და ამ ფულის ნაწილს პარტიული მედიის რჩენასაც ახმარს, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, სააკაშვილი ოლიგარქის ცნების ყველა კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.

იგივე ეხება დავით კეზერაშვილსაც, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომიდან ერთ თვეში მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი გახდა და ნაძარცვი ფულით ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ყოველწიურად მილიონობით დოლარით აფინანსებს.

ოლიგარქის კლასიკური მაგალითები არიან, ასევე, ხაზარაძე და ჯაფარიძე. წინა ხელისუფლების დროს, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ სქემაში და სააკაშვილთან ერთად ახორციელებდნენ ბიზნესის რეკეტს, რითაც დამატებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელისუფლება მათ ბიზნესს ზუსტად ისევე ედგა გვერდში, როგორც ნებისმიერ სხვას. თუმცა, სუფთა ბიზნესის კეთებას მათ ამ შემთხვევაშიც სხვა გზით სიარული არჩიეს და კვლავაც ოლიგარქობას შეეცადნენ. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არავის უშლიდა პოლიტიკის დაფინანსებას. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამით სარგებლობდნენ და საკუთარი ძველი პარტნიორების, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებს თითქმის დაუფარავად აფინანსებდნენ – თავიდანვე დაიწყეს „ტვ პირველის“ დაფინანსება და სოლიდურად ეხმარებოდნენ „რუსთავი 2-საც“, ვიდრე ის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ისინი აფინანსებდნენ ოპოზიციის აქციებს და მიტინგების დროს მათ კარვებსაც კი აწვდიდნენ. მოგვიანებით კი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა პროკურატურას მათი ძველი ცოდვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 17 მილიონის თაღლითურად მითვისებას ეხებოდა, თავის დასაცავად პოლიტიკური პარტია შექმნეს, რითაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ლეგალიზაცია განახორციელეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ჩადენილი დანაშაული თეთრი ძაფით არის ნაკერი – მათ მრავალმილიონიანი საბანკო კრედიტი საკუთარ მეგობარ ჭუტა წერეთელზე გააფორმეს, შემდეგ იმავე დღეს გადაიფორმეს და ისე, რომ კრედიტს არავინ მომსახურებია, ოფშორში გადაიტანეს და იქ სრულად ჩამოწერეს. ამგვარ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ოლიგარქობის სურვილი რომ გაუჩნდათ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი.

რომ შევაჯამოთ, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად ვერავინ განიხილავს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი, ეს ცნება სრულად მიესადაგება. თუმცა, სიმართლის მიუხედავად, საზოგადოება სულ მალე დაინახავს, რომ დეოლიგარქიის კამპანიას ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილზე ააგებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები