შალვა პაპუაშვილი: სასაცილოა საუბარი, რომ სუბარი, ხუნდაძე ან ყაველაშვილი შესაძლოა, ანტიევროპულები იყვნენ
სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს, სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა, ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, გუნდის უკვე ყოფილი წევრების განცხადებების შინაარსის კომენტირებას არ აპირებს.
“თავად იტყვიან, რა აქვთ სათქმელი და რა – არა. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე არ ვაპირებ ამ განცხადებების კომენტირებას, არანაირ შინაარსში შესვლას, რადგან მათი განცხადებები და მათი სათქმელია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები გავიდნენ გუნდიდან და ნებისმიერი კომენტირება, საერთოდ შინაარსში შესვლა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნებოდა დადასტურება ან უარყოფა, შინაარსობრივად კომენტირებას არ ვაპირებ.
ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის, თუმცა, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს კიდეც, რომ სურთ, უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. აქ არის ორი საკითხი. რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების კომუნიკაციის მთელი პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსულობა, ეს ხომ ახალი არ არის, ბოლო ათი წელია, გვესმის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.