კელი დეგნანი: აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
“საქართველო ნატო-ს ძალიან ძლიერი პარტნიორია, ეს გამოჩნდა მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტით მადრიდში, რომელიც დაესწრო ნატო-ს სამიტს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ და მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს დაეხმარონ.
„ეს სამიტი ასევე იყო შესაძლებლობა, საქართველოსთვის განხილულიყო ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის ისევ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს ევროკავშირი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასე რომ, სამუშაო, რომელიც შესრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინ წასაწევად, ასევე მოუტანს სარგებელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სამხედრო სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ასევე პოლიტიკური სტანდარტებიც, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.