გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-ჩინურ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
„მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების და ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემების თაობაზე. ასევე გავაცანით საქართველოს პოზიცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, უკრაინისადმი ჩვენი პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერის თაობასა და ვისაუბრეთ საქართველოს პროდასავლურ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ორივე მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.