კელი დეგნანი: ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა დროა, ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს
“ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ელჩის თქმით, მსგავსი საკითხები მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს და არა – საჯაროდ.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და, როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა – მედიის საშუალებით. მედიისთვის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის. მე მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხი განეხილათ ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.